“ენგურზე 13-კაციანი, პალესტინელი ლტოლვილების ჯგუფი დააკავეს” – შამბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, “რუსეთის სასაზღვრო სამსახურებმა აფხაზეთში პალესტინიდან ლტოლვილთა ჯგუფის შემოსვლის მცდელობა აღკვეთეს”.
მისი თქმით, 13-კაციანი ჯგუფი, მათ შორის, ბავშვები, “აფხაზეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ ცდილობდა, რათა შემდეგ რუსეთში ჩასულიყო. ლტოლვილები რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და აფხაზეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს”.
„საქართველოში უთხრეს, რომ ენგურის შემდეგ შეძლებდნენ რუსეთში ჩასვლას, მათ ამისკენ უბიძგეს“, – თქვა შამბამ.
მისი თქმით, “კანონით, პირებმა, რომლებიც ცდილობენ აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, პასუხი უნდა აგონ, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაწყდა, რომ მსგავსი ზომები არ გავრცელდეს ლტოლვილებზე”.
შამბა ამბობს, რომ გაიმართა მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პალესტინის მაცხოვრებლები “საქართველოში დაბრუნდნენ”.
მისივე თქმით, “აფხაზეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა ლტოლვილების მიღების საშუალებას”.
”ჩვენ გვესმის, რომ არსებობს ჰუმანიტარული კომპონენტი, მაგრამ არის უფრო მდიდარი ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ ამ პრობლემის გადაჭრა,” – თქვა მან.
შამბას თქმით, “აფხაზეთში ყველა საჭირო ზომა მიიღება, რესპუბლიკაში ლტოლვილების შემოდინების თავიდან ასაცილებლად”.