არჩილ თალაკვაძე: არავის მივცემთ საშუალებას, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ხელი შეუშალოს
„შეიძლება ითქვას, რომ აღიარებების სერია, რაც ამ კვირაში ოპოზიციონერების მხრიდან ვნახეთ, არის უკვე ბოლო აკორდი და დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ და არაერთი ადამიანი, ჩვენი მეგობარი ევროპაში გვეუბნებოდა, რომ რადიკალური ოპოზიცია იყენებდა ყველა რესურსს, პირად შეხვედრებს, მედიას, ფულს, რათა როგორმე დაებლოკა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არავის მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ხელი შეუშალოს.
“ისიც გვახსოვს, რისთვის სჭირდებოდათ ეს, რომ არეულობა გამოეწვიათ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ მოხდება. საქართველო ვითარდება სწორი გზით, საქართველო არის უფრო ევროპული, უფრო თავისუფალი, უფრო განვითარებული სახელმწიფო, ვიდრე ათი წლის წინ და, რა თქმა უნდა, არავის მივცემთ საშუალებას, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ხელი შეუშალოს. ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი. ეს იყო ჩვენი წინაპრების ოცნება და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ეს ყველაფერი რეალობად ვაქციოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.