თელ-ავივში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე, 3 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასის“ შეიარაღებულმა ფრთამ, „ალ-კასამის ბრიგადებმა“ აიღო.
„ალ-კასამის ბრიგადებმა“ განაახლეს თელ-ავივის დაბომბვა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სიონისტების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ“, – აცხადებენ „ალ-კასამის ბრიგადებში“.
The Times of Israel-ის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ 20 წლის მამაკაცი თავისა და კიდურის დაზიანებებით ზომიერად დაშავდა, რომელიც იჩილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსუბუქად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.
ისრაელის მე-12 არხმა განაცხადა, რომ თელ-ავივის მიმართულებით გაშვებული, სულ მცირე, რვა რაკეტა იქნა შეჩერებული.