მამუკა მდინარაძე: წარმოუდგენელია, რა იურიდიული არგუმენტი უნდა ჩაწეროს იურისტმა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია
ნიკა გვარამიას იმხელა და იმ დონის განათლება მაინც აქვს, რომ არა მისი ქვეცნობიერი, ეთქვა, რომ მოსამართლე იქიდან მხოლოდ სამია. როდესაც ის ამბობს, რომ სამი მოსამართლე გვყავს, ეს მის პოზიციას ჰყიდის, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას განცხადებას.
„შეგიძლიათ ამოიღოთ კადრები, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები სახელებითა და გვარებით ლაპარაკობდნენ იმ მოსამართლეებზე, რომლებიც განსხვავებულ აზრს დააფიქსირებდნენ. ამ დრომდე რომ განსხვავებული პოზიცია არ არის, ეს ბუნებრივი ამბავია, რადგან მე, როგორც იურისტს ვერ წარმომიდგენია რა უნდა ჩაწერონ განსხვავებულ პოზიციაში. თუ ნიკა გვარამიას და სხვებს ჰყავთ ეს მოსამართლეები, ისინი ეტყობა მათ სთხოვენ განსხვავებული აზრის იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ საბოლოო შედეგი იყოს დასკვნის სახით ჩაწერილი, რომ თითქოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. წარმოუდგენელია, რა იურიდიული არგუმენტი უნდა ჩაწეროს იურისტმა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია“, – აღნიშნა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3-5 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა. პროცესს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები – პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.