არჩილ თალაკვაძე: დღეს დადასტურდა, რომ საქართველო არის ბევრად ევროპული

“დღეს დადასტურდა, რომ საქართველო არის ბევრად უფრო ევროპული, ბევრად თავისუფალი და დემოკრატიული, ვიდრე იყო 10 წლის წინ, როცა ხელისუფლების ყველა შტო და ინსტიტუტი იყო ერთი ადამიანის ხელში”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა იმას, რომ ყველა არჩეულმა ლიდერმა, ყველა ინსტიტუტმა თავის საქმე კონსტიტუციის დაცვით უნდა აკეთოს.

“ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა იმას, რომ ყველა არჩეულმა ლიდერმა, ყველა ინსტიტუტმა თავის საქმე უნდა აკეთოს კონსტიტუციის დაცვით. თუ ჩვენ გვინდა ევროპული სახელმწიფო, უნდა დავიცვათ კონსტიტუცია და ის წესები, რაც სახელმწიფოსთვის არის ძირითადი და ყველასთვის სახელმძღვანელო. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ განამტკიცა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი და უთხრა როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას, რომ პირველ რიგში, ყველამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია, წესები და მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მათ შორის ის, რისიც ძალიან გვჯერა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია ისევე როგორც დასავლურ დემოკრატიებში, არსებობს კონსტიტუციური წესრიგი, სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა დავა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები