პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ 3 მოსამართლე წავიდა

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევას ჰქონდა ადგილი, 9 მოსამართლიდან 6 მოსამართლის მხარდაჭერა აქვს.

როგორც საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აღნიშნა, განსხვავებული მოსაზრება ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირეს.

„საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის, 1-ელ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. დასკვნას დაერთოს მოსამართლეების, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3-5 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა. პროცესს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.

სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები – პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები