ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ენერგეტიკის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ენერგეტიკის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკულ დარგში მიმდინარე რეფორმები და პროექტები მიმოიხილა. მან ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა განახლებადი ენერგიების წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემა და სიმძლავრის აუქციონები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა.

მან დეტალურად ისაუბრა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობის შესახებ, რომელთა განხორციელების შემდეგ ქვეყნის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება და  უსაფრთხოება გაძლიერდება. ასეთ პროექტებს შორის, მინისტრის პირველმა მოადგილემ დაასახელა ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების, ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობისა და ფინანსური  გაჯანსაღების, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტები.

„განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ასამაღლებლად და განსამტკიცებლად. იმის გამო, რომ ელექტროენერგიის შიდა წარმოების უმეტესი ნაწილი ორიენტირებულია განახლებადი ენერგიის/ჰიდროენერგეტიკის წარმოებაზე, ჩვენი ქვეყნის მიერ განახლებადი ენერგიის სფერო განსაზღვრულია სექტორის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად“, – განაცხადა მომხსენებელმა.

განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალ სქემას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ პროექტს, გაიმართა მსჯელობა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის გახსნასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

„ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს როგორც მეზობელ, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რათა მიმდინარე თუ დაგეგმილი სატრანზიტო პროექტების იმპლემენტაცია წარმატებით განხორციელდეს, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის და რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გამტკიცებას“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები