კულტურის კომიტეტი აბაშის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, კომიტეტის წევრები – ლევან მგალობლიშვილი და ბაია კვიციანი აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად აბაშის სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც დიალოგის რეჟიმში გაიმართა, სახელოვნებო სფეროს გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

სახელოვნებო სფეროს პედაგოგებმა ინფრასტრუქტურულ საკითხებზე ისაუბრეს, ასევე ყურადღება გამახვილდა  მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ხელმისაწვდომობაზე.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა სახელოვნებო სფეროს მოღვაწეებთან აბაშაში. კულტურის კომიტეტი ამზადებს სახელოვნებო განათლების რეფორმას. ეს რეფორმა არის ძალიან კომპლექსური, რთული პროცესი. ძალიან მალე დავიწყებთ განხილვებს. ყველა რეგიონს. ყველა კუთხეს განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს ამ მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სპეციფიკის გაცნობა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია კულტურის კომიტეტის აქტიურობა რეგიონებში.

„მისასალმებელია საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მხრიდან ამ სახის აქტიურობა“, – აღნიშნა გიგა გაბელაიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებით გამოწვევების და პრობლემების იდენტიფიცირება მოხდება და დაეხმარება კომიტეტს სამომავლო გეგმების დასახვაში.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართულობა და პრობლემების ერთობლივი განხილვა. ეს არის კარგი შესაძლებლობა, პირდაპირ დავეკონტაქტოთ კულტურის მუშაკებს და გავიგოთ, რა გამოწვევების წინაშე ვართ და დისკუსიის შედეგად დავსახოთ სამომავლო გეგმები“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები