დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ცვლილების არსზე და საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილების მთავარი არსი არის ახალი მექანიზმის გათვალისწინება წამლის შესყიდვის პროცესში, რომელსაც ბაზარზე „მართული შესვლის შეთანხმებების“ გაჩენა ჰქვია. ცვლილება შეეხება კანონში აღნიშნული ტერმინის განმარტების დამატებას.
კანონპროექტის თანახმად, ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებით „მართული შესვლის შეთანხმება“ არის ინოვაციური, ახალი, ორიგინალური ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვისთვის სპეციალური მექანიზმი, რაც შემსყიდველს საშუალებას აძლევს უზრუნველყოს ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკება, სპეციალური პირობით შესყიდვის საფუძველზე. ეს კი საშუალებას იძლევა, რომ შემცირდეს ინოვაციურ მედიკამენტებთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე ქვეყანაში შეიქმნას შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს ინოვაციურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, გაჩნდეს კონტრაქტის მართვის უკეთესი შესაძლებლობა.
მომხსენებლის თქმით, ეს მექანიზმი მსოფლიოში აპრობირებულია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატები იყენებენ.
კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კანონპროექტს სავალდებულო წესით განიხილავს.
„კანონპროექტზე, მეორე მოსმენამდე ინიციატორები შესაბამის სექტორთან სამუშაო შეხვედრას თუ გამართავთ, კარგი იქნება, რადგან პროექტი უფრო დაიხვეწება“ , – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე პროექტს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.