“პრეზიდენტი არ მიიჩნევს, რომ გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში ვიზიტებზე მთავრობის ფორმალური თანხმობა იყო საჭირო” – თამარ ჩუგოშვილი
„პრეზიდენტი არ მიიჩნევს, რომ გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში ვიზიტებზე მთავრობის ფორმალური თანხმობა იყო საჭირო – ლიეტუვაში მისი კომენტარი კი (რომ ფორმალურად უფლებამოსილი არ იყო), ემსახურება იმის გამოხატულებას, რომ მთავრობა არ იზიარებს ამ ტიპის კომუნიკაციების საჭიროებას”, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთის ავტორის, ირაკლი კობახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„პრეზიდენტის და ჩვენი პოზიცია სრულ თანხვედრაშია. სრულად იზიარებს იმ პოზიციებს, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ და ჩვენ წარმოვადგენთ იმას, რისი წარმოდგენაც პრეზიდენტს უნდა. პრეზიდენტის პოზიცია, კომენტარი და ა.შ. თავად ფაქტის კონსტატაციაა. მას მანამდე ჰქონდა მიმართული შეხვედრებზე, რომლებზეც მთავრობისგან დასტური არ მიუღია. შესაბამისად, განაგრძო სიარული სხვა ფორმით. ამიტომ პრეზიდენტი და ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ იმ ვიზიტებზე მთავრობის ფორმალური თანხმობა იყო საჭირო ან აუცილებელი. მისი კომენტარი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოხატულებას, რომ მთავრობა არ იზიარებს ამ ტიპის კომუნიკაციების საჭიროებას. ეს კომენტარი მეტს არაფერს ნიშნავს და ამას აქვს უფრო პოლიტიკური დატვირთვა და არა სამართლებრივი.
პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი იყო მიმართვა მთავრობისთვის, რადგან ეს უზრუნველყოფდა ერთობლივ ვიზიტებს. ურთიერთობის ჩამოყალიბებული ფორმა უზრუნველყოფდა, რომ ამ შეხვედრებზე მარტო არ წასულიყო, არამედ წასულიყო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. ამიტომ მიიჩნევდა მნიშვნელოვნად, რომ მთავრობა ჩართულიყო მის შეხვედრებში. მისი კომენტარი ახსნაა იმისა, რატომ იმყოფება მარტო ამ კომუნიკაციებში და რატომ არ არის წარმოდგენილი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ან თუნდაც ელჩი ასეთი ტიპის შეხვედრებზე“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.