თამარ ჩუგოშვილი: დღეს დამატებით დავრწმუნდი მხოლოდ იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი – საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია
დღეს დამატებით დავრწმუნდი მხოლოდ იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„დღეს დამატებით დავრწმუნდი მხოლოდ იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. ჩვენ რასაც ვისმენთ, ჩემთვის ეს არის მიმართული მხოლოდ იქითკენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ იზოლირებული იყოს ნებისმიერი ფორმით ქვეყნის წარმომადგენლობისგან და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ვეღარ გააკეთოს ის, რასაც ის აკეთებს ყველაზე უკეთ – ამ ქვეყნის წარმომადგენლობა, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის კონტექსტში“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დღეს, 12:00 საათიდან მიმდინარეობდა. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.
თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საკითხის განხილვას ხვალ გააგრძელებს. პროცესი 11:00 საათზე განახლდება.
ცნობისთვის, მმართველი გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.