საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესს ეხმაურება.
პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მის წარმომადგენლებს მადლობას უხდის.
„მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას, როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დღეს, 12:00 საათიდან მიმდინარეობდა. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.
თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საკითხის განხილვას ხვალ გააგრძელებს. პროცესი 11:00 საათზე განახლდება.
ცნობისთვის, მმართველი გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.