“პრეზიდენტის წარმომადგენლებისგან არგუმენტი საერთოდ ვერ მოვისმინეთ, დეტალურ სამართლებრივ პასუხს შესვენების შემდეგ გავცემთ” – ირაკლი კობახიძე
“რეალურად, არგუმენტი საერთოდ ვერ მოვისმინეთ – დეტალურ სამართლებრივ პასუხს შესვენების შემდეგ გავცემთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განსახილველ სხდომაზე შესვენების დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვას, მნიშვნელოვანია თუ არა სხდომაზე პრეზიდენტის ყოფნა, კობახიძე ასე პასუხობს: „საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პატივისცემის კუთხით იყო მნიშვნელოვანი, თორემ მე რა ინტერესი მაქვს“.
„ჩვენც შეგვეძლო წარმომადგენელი გამოგვეგზავნა, მაგრამ პარლამენტის 4 წევრი იმიტომაა მოსული, რომ გამოვხატეთ განსაკუთრებული პატივისცემა სასამართლოს მიმართ. იგივე შეეძლო პრეზიდენტს, თუმცა არ გააკეთა. ეს მისი არჩევანია“,- განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება შეფასებებს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა პოლიტიკურია, კობახიძე ამბობს, რომ იმპიჩმენტი პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესია.
„იმპიჩმენტი არის პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცედურა. ის ნაწილი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში წარიმართება, სამართლებრივია, ხოლო ის, რაც პარლამენტში წარიმართება – პოლიტიკური. ამიტომ აქ სპეკულაციებისთვის სივრცე არ არის“,- განაცხადა კობახიძემ.