თამარ ჩუგოშვილი: პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს კოორდინაციის მექანიზმი
„პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს კოორდინაციის მექანიზმი, “მე არ მელაპარაკება მთავრობა იმაზე, რას აკეთებს საგარეო მიმართულებით, არ მაქვს ურთიერთობა, რომ დავჯდე პარლამენტთან და მთავრობასთან ერთად”, – ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ როდესაც თავის ფუნქციებს ახორციელებს, სჭირდება, რომ ჰქონდეს მაქსიმალური კომუნიკაცია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
“ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს, სახელმწიფოს მეთაურს, რომელსაც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი აქვს, არ გააჩნია არანაირი პრაქტიკული მექანიზმი, სადაც შეძლებს, კოორდინირებულად დაინახოს, რას აკეთებს მთავრობა, პარლამენტი და რით შეიძლება დაეხმაროს ამ ყველაფერს. ქვეყანაში ამის მექანიზმი არ არსებობს. პრეზიდენტისთვის ეს მნიშვნელოვანია და ის მიიჩნევს, რომ როდესაც თავის ფუნქციებს ახორციელებს, სჭირდება, რომ ჰქონდეს მაქსიმალური კომუნიკაცია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც მიმართავდა ამ მუხლით [52-ე], რადგან, როდესაც ამ ტიპის ვიზიტებში მიდიოდა, მასთან ერთად მიდიოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, ეს იყო მისი მხრიდან უწყებათაშორისი ჰარმონიული საქმიანობის საშუალება. შემდეგ კი, პარლამენტის წარმომადგენლები ამბობენ ხოლმე, რომ 31 მარტს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ გაჟღერებული გზავნილების გამო პრეზიდენტისთვის მთავრობამ თანხმობის მიცემა შეწყვიტა – აღარ ვუშვებთ, რადგან ისეთი რაღაცები ითქვა, არ გვინდა ეს სადმე გაჟღერდესო“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.