65 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის ახალი მოწმობა, 34 ლარის ნაცვლად, 15 ლარად აიღო
საქართველოს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ლომიძემ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო ბაღათურიამ, იუსტიციის სახლში აქციის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. როგორც პრენსკონფერენციაზე აღინიშნა, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული აქციის ფარგლებში, 65 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა 34 ლარის ნაცვლად 15 ლარად აიღო. მათგან 60 319 -მა მოქალაქემ ძველი მოწმობა შეცვალა ახლით – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
სამინისტროს ინფორმაციით, პირადობის ახალი მოწმობის მიღების მსურველები პირადობის დამადასტურებელ ახალ დოკუმენტს 15 ლარად, სტანდარტულად 10 დღის ვადაში მიიღებენ და გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების 3 ლარის გადასახადისგანაც. დაჩქარებული მომსახურების მიღების მსურველებს კი 15 ლართან ერთად, მხოლოდ დაჩქარების ღირებულებს გადახდა მოუხდებათ. მათივე ცნობით, აქციით სარგებლობის საშუალება ნებიემიერი ასაკობრივი კატეგორიის, როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მოქალაქეებს ექნებათ. აქციაში ჩართვა შეუძლიათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი. პირადობის ახალი მოწმობის მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად ხდება რეგისტრაციის ადგილის შეცვლა, მოქალაქემ უნდა მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს/იუსტიციის სახლის იმ ფილიალს, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართი. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული აქცია 20 აგვისტოდან დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. დღეის მონაცემებით, ელექტრონული პირადობის მოწმობას უკვე 1 311 769 ადამიანი ფლობს.