ირაკლი კობახიძე – გრიგორიადისის შესაძლო შეწყალებაზე: ასეთი სიგნალის გაშვება პირდაპირ ნიშნავს რევოლუციური პროცესების წახალისებას
,,ზოგადად, ყველა ვხედავთ ალიანსს სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ გრიგორიადისის შესაძლო შეწყალება იქნება ერთგვარი სიგნალი გრიგორიადისის მსგავსი ახალგაზრდებისთვის, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა შეიძლება დარჩეს დაუსჯელი.
„ზოგადად, ყველა ვხედავთ უკვე ალიანსს სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის. მათ ჰყავთ საერთო პატრონი და მოქმედებენ საერთო დღის წესრიგით. თუმცა ვნახოთ, თუ სალომე ზურაბიშვილი წავა ასეთ ნაბიჯზე, (გრიგორიადისის შესაძლო შეწყალება) ამ შემთხვევაში ის უკვე ღიად ჩაერთვება რევოლუციურ პროცესებში. ვნახოთ, გააკეთებს თუ არა ამას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი გრიგორიადისის მსგავსი ახალგაზრდებისთვის, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა შეიძლება დარჩეს დაუსჯელი. რა თქმა უნდა, ასეთი სიგნალის გაშვება პირდაპირ ნიშნავს რევოლუციური პროცესების წახალისებას. სალომე ზურაბიშვილი ამას თუ გააკეთებს, ისედაც ლუსტრირებულია მისი ალიანსი რადიკალურ ოპოზიციასთან, მაგრამ ეს იქნება მისი რევოლუციური მისწრაფების სრული ლუსტრაციაც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.