სალომე ქურასბედიანი ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE)-ს მიერ ორგანიზებულ, ზალცბურგის მე-19 ევროპულ სამიტს დაესწრო
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე ქურასბედიანი ზალცბურგში რეინდუსტრიალიზაციისა და კლიმატის ცვლილების შესახებ მე-19 ევროპულ სამიტს დაესწრო.
მან პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. თავის გამოსვლაში სალომე ქურასბედიანმა ყურადღება გაამახვილა რუსულ ოკუპაციაზე და ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესსა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.
„საქართველო წარმოადგენს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ასოცირებულ ტრიოს შორის მოწინავე ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომელიც, მიუხედავად პანდემიისა და ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, აგრძელებს პროგრესს და ეკონომიკურ განვითარებას. ვფიქრობთ, სწორედ ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი ინსტიტუციები მოგვცემს შესაძლებლობას, ევროკავშირის ღირსეული წევრი გავხდეთ“, – აღნიშნა სალომე ქურასბედიანმა.
სამიტის მონაწილეებს ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი მიესალმა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც დღეს ევროპა დგას.
სამიტი ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE)-ს მიერ იყო ორგანიზებული. სამიტი ზალცბურგში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და შეეხებოდა კლიმატის ცვლილებასთან, ევროკავშირის გაფართოებასთან, რეგიონალიზაციას და გლობალიზაციასთან და უკრაინის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სამიტში საქართველოდან ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები.