საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, გაეროს საპროექტო მომსახურების ოფისმა (UNOPS), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადასცა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა. სტუმრებისთვის მოეწყო თოკზე გადარჩენის, ხანძრის ქრობის და ურბანული სამძებრო-სამაშველო სიმულაციური ოპერაციები. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და UNOPS საქართველოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გადაცემული მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა მოიცავს წყლის, სამთო და მაღაროში სამაშველო ოპერაციების განხორციელებისთვის სპეციალიზებულ აღჭურვილობას, ასევე სახანძრო უსაფრთხოების ინსპექტირების სისტემებსა და სხვადასხვა სასწავლო აღჭურვილობას.
ტექნიკური დახმარება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების შესაძლებლობებს კრიზისულ სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების მიმართულებით და ხელს შეუწყობს სამოქალაქო უსაფრთხოების გაძლიერებას საქართველოში.