ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ავიაკვირეული დღეს ავიაშოუთი იხსნება
დღეს ცნობილი ქართველი ავიატორის ალექსანდრე ქართველის გარდაცვალებიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ავიაკვირეული იხსნება. ღონისძიებას, ალექსანდრე ქართველის საზოგადოების ინიციატივით, თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს და ის 19 სექტემბრამდე გაგრძელდება. ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილ კვირეულს დღეს დაბა „ალექსეევკის“ საავიაციო ბაზაზე ავიაშოუ გახსნის. ავიაშოუ ღონისძიებაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედრო პილოტები უმაღლესი პილოტირების მანევრებს შეასრულებენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაშოუზე დასწრება ნებისმიერი მსურველს შეუძლია. შესრულდება უმაღლესი პილოტაჟის რთული მანევრები, გამოყენებული იქნება საფრენი აპარატები – L-27, SU-25, UH-1H. ღონისძიებებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აშშ-ის ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
როგორც „კვირას“ ალექსანდრე ქართველის საზოგადოების ხელმძღვანელმა ლელა ქართველიშვილმა განუცხადა, ავიაკვირეულის ფარგლებში 15-მდე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, სამეცნიერო კონფერენციები, ავიატორების გამოფენა, ალ. ქართველის ცხოვრების შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება და ახალგაზრდა ავიატორების კლუბის პრეზენტაცია. „წელს არის განსაკუთრებული წელი, რადგან დიდი ავიატორის გარდაცვალებიდან 40 წელი შესრულდა, ამიტომ ალექსანდრე ქართველის საზოგადოებამ გადაწყვიტა და მთელი ძალისხმევა გამოიყენა, რომ ამ თარიღისთვის ავიაკვირეული მიგვეძღვნა. 9 სექტემბერი არის ავიატორის დაბადების დღე. შარშან პირველად აღინიშნა ეს დღე საქართველოში და თავდაცვის სამინისტრომ ჩვენი ინიციატივით დანერგა ავიაკვირეული. 19 სექტემბერი ქართული ავიაციის დღეა, ამიტომ გადაწყვიტეთ ეს ორი მნიშვნელოვანი თარიღი ერთმანეთთან დაკვეკავშირებინა“, – აღნიშნა ლელა ქართველიშვილმა.
ალექსანდრე ქართველის საზოგადოების პრეზიდენტის განმარტებით, აშშ-ის ელჩი, რიჩალდ ნორლანდი 4 ღონისძიებას პირადად ესტუმრება, დანარჩენს ღონიძიებებს კი საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან. ავიაკვირეული 19 სექტემბერს ალექსეევკას სამხედრო ნაწილში, ქართული ავიაციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებით დასრულდება. კვირეულის მხარდამჭერები არიან: თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერია, აშშ-ს საელჩო, ალ. ქართველის სახელობის საავიაციო ქარხანა და ამერიკული ცენტრი “ლანგეითი”.
ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორი და აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერია. იგი აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად არის მიჩნეული. ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი და არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.