განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული ორი უწყების ანგარიში მოისმინეს
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განათლების საერთაშორისო ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ანგარიშები მოისმინეს. განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნუ მიცკევიჩმა დეპუტატებს ცენტრის მიზნები და პროგრამები გააცნო.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს მოქალაქეებს აძლევს საშუალებას საზღვარგარეთ მიიღონ განათლება. მისი თქმით, 2014-2022 წლებში ცენტრმა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 1250-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა.
ნუნუ მიცკევიჩის თქმით, 2023 წელს დაფინანსდა 151 მოქალაქე და ეს რიცხვი წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება. მომხსენებლის ინფორმაციით, ცენტრი ახორციელებს 14 სასტიპენდიო პროგრამას, მათ შორის, საერთაშორისო სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო აკადემიურ პროგრამებს. ამასთან, ცენტრი თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნებთან და ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.
„2023 – 2024 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით სრულად დაფინანსდა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამებზე საქართველოს 37 მოქალაქე, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებზე – 4 მოქალაქე, საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამებზე -5, ხოლო საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე – საქართველოს 12 მოქალაქე”, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
სხდომაზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ანგარიში სისტემის უფროსმა დიმიტრი ბერიძემ წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) 2012 წელს შეიქმნა და მისი მიზანია თანამედროვე საინფორმაციო – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით, ხელი შეუწყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამართულ ფუნქციონირებას. დიმიტრი ბერიძემ სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით ცენტრის ჩართულობასთან დაკავშირებით ისაუბრა. „გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად ვატარებთ გამოცდებს. ვამზადებთ საგამოცდო ცენტრებს და ტექნოლოგიურად უზრუნველვყოფთ. ექსტერნატის გამოცდა აბსოლუტურად ჩვენი პროცესია. დირექტორების სერტიფიცირების გამოცდებსაც ჩვენი სისტემა უზრუნველყოფს”, – განაცხადა დიმიტრი ბერიძემ.
სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველკლასელთა რეგისტრაციის საკითხზე და აღინიშნა, რომ კომიტეტი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან ერთად ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.
კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, განათლების მიმართულებით სხვადასხვა უწყების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია. მისი თქმით, კომიტეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების გარკვეული პერიოდით მოწვევას და მათი ანგარიშების მოსმენას გააგრძელებს.