ნინო თანდილაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელ ნიკოლას სენდეროვიჩს შეხვდა.მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლას სენდეროვიჩს საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ევროკავშირი უკვე მრავალი წელია საქართველოს მხარდამჭერია, რასაც განსაკუთრებულად ვაფასებთ. ჩვენ ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ – საქართველომ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა და იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადავდგით, ვიმედოვნებთ, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მივიღებთ. გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, კვლავ რჩება გამოწვევები. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მკაფიოდ აისახა ევროკომისიის წინაშე წარდგენილ ანგარიშში; აქტიურად ვმუშაობთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად; ამ პროცესში ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდეროვიჩმა აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების განხორციელების საქმეში.