პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამწლიანი პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერთან და საქართველოში ნორვეგიის ელჩ ბერგლიოტ ჰოვლანდთან ერთად გახსნა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

“თამარ მახარაშვილმა სიტყვით მიმართვისას ინკლუზიური განათლების მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის პროექტში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა და მოსწავლეზე მაქსიმალურად ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნის კუთხით ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროცესის თითოეული ბავშვის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგება.

პროექტი „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის პარტნიორობით განხორციელდა და მიზნად ისახავდა ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში ინკლუზიური განათლების  მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა პასუხისმგებლობისა და მომსახურების ერთ სივრცეში მობილიზებას, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს არსებული რესურსების კოორდინირებულად მართვას, ეფექტიანად გამოყენებასა და კომპეტენციების ფოკუსირებულად გაძლიერებას. ამასთან, ახალი სისტემა უზრუნველყოფს რესურსსკოლების გაძლიერებას, საჯარო სკოლების კონსულტირების კომპონენტის გაუმჯობესებას, ეფექტიანი ოპერაციული გუნდების ფორმირებასა და საჭიროებების შესაბამისად, ახალი მხარდამჭერი სერვისების განვითარებას.

ახალი სისტემის დანერგვა ასევე ითვალისწინებს საფუძვლიან, თანმიმდევრულ და თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ მრავალმხრივ საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და სასწავლო გარემოში ინკლუზიური განათლების პრაქტიკის ხარისხის გაუმჯობესებას. შედეგად, გაიზრდება საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისთვის  ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები