ბრიტანულ-ქართულმა სავაჭრო პალატამ ლონდონსა და მანჩესტერში ღვინის დეგუსტაციები გამართა
ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის მიერ ლონდონში თითქმის ყოველწლიურად იმართება ხოლმე ქართული ღვინის დეგუსტაცია.
წლეულს არეალი გაფრთოვდა და ამ დღეებში (19-21 სექტემბერი) ლონდონის შემდეგ მანჩესტერშიც გამართა მსგავსი წარდგენა, რომელზედაც 30 სახეობის ქართული ღვინის გასინჯვისა და შეფასების საშუალება მიეცა ამ პროდუქტით დაინტერესებულ ბრიტანელ მომხმარებელს.
ორივე ღონისძიება საქართველოს ეროვნული ღვინის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა. აქვე უნდა აღინიშნოს UGTH-ის(გაერთიანებული სამეფო-საქართველოს სავაჭრო ჰაბი, ვინც ქართული ღვინის იმპორტსა და დისტრიბუციას ახორციელებს დიდ ბრიტანეთში)და ლონდონში არსებული ღვინის მაღაზია “80-20 Shops”-ის მონაწილეობა.
ამჯერად ლონდონსა და მანჩესტერში მეღვინეობა Georgian Wine House წარმოდგენილი იყო სამი ძირითადი ხაზით: ” გურმანი”, “დარდიმანდი”, “საღვინე”. ღვინოებით დაინტერესებულ საზოგადოებას ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, დაეგემოვნებინა ქართული „ლაგვინრი”, „ბარბალე”, „სველი ძაღლი”, „ოდა”, GOGO wine, ენეკის მეურნეობა, კორტავების მარანი.
ამ ძალიან საინტერესო ღვინოების რეპერტუარში ჩართული იყო როგორც ტრადიციული ქვევრის ღვინო, ასევე ევროპული მეთოდით შექმნილი ღვინოები. ინტერესი ორივეს მიმართ გამოიკვეთა და აშკარაა, რომ ისინი სულ უფრო მეტ მომხმარებელს გაიჩენს.
როგორც ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დირექტორი მაკო აბაშიძე გვეუბნება: მსგავსი დეგუსტაციები ძალიან ეხმარება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, წლების განმავლობაში ჩვენმა მუშაობამ და ძალისხმევამ უკვე გარკვეული შედეგი გამოიღო. დიდი ბრიტანეთის კვების პროდუქტებით ვაჭრობის ისეთი სერიოზული კომპანიები, როგორებიც არიან Wholesale და HoReCa დაინტერესდნენ ქართული ღვინით და მათი დახმარებით იგი სულ უფრო მეტ სასტუმროში, რესტორანსა და სპეციალიზებულ მაღაზიაში დაიმკვიდრებს ადგილს.
მაკო აბაშიძის აზრით, რომელიც 15 წელიწადზე მეტია აქტიურად არის ჩართული გაერთიანებულ სამეფოში ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში, „თუ ადრე ძირითადი აქცენტი ლონდონზე კეთდებოდა, ახლა ჩემი დაკვირვებით, ამბობს იგი: მოვიდა დრო, რომ ქართული ღვინო და სულიერება სხვა ქალაქებში, მათ შორის მანჩესტერში, ბრისტოლში, ნიუკასლში, ბრაიტონში, ედინბურგსა და გლაზგოში გავაცნოთ. დიდი ბრიტანეთის ბაზარი, მჯერა ქართული ღვინისა და სხვა პროდუქტების საუკეთესო დამფასებლად და, შესაბამისად, უფრო ფართო მომხმარებლადაც იქცევა. ქართული ეკონომიკის მომავლისთვის, ეს ერთობ საყურადღებო სეგმენტია, რაზედაც ნამდვილად ღირს ფიქრი და ზრუნვა.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან