“ყარაბაღელმა სომხებმა საწვავი და საკვები ითხოვეს” – აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება ევლახში გამართულ შეხვედრაზე

ევლახში ყარაბაღელ სომხებთან გამართულ პირველ შეხვედრაზე განიხილებოდა სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციის, ინფრასტრუქტურის აღდგენისა და საქმიანობის ორგანიზების საკითხები აზერბაიჯანის კანონისა და კონსტიტუციის საფუძველზე.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ რამინ მამედოვმა, რომელიც ყარაბაღის სომხებთან კონტაქტების საკითხთა წარმომადგენლად არის დანიშნული, რეინტეგრაციის გეგმები წარადგინა.

ასევე, ხაზი გაესვა ანტიტერორისტული ღონისძიებების შეწყვეტის შესახებ დოკუმენტში ასახული საკითხების სწრაფი განხორციელების მნიშვნელობას.

ყარაბაღის სომხების წარმომადგენლებმა სოციალური და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების განხილვის კონტექსტში, საწვავის განსაკუთრებულ საჭიროებას გაუსვეს ხაზი. ამასთან, მათ ჰუმანიტარული დახმარება ითხოვეს, საკვების ჩათვლით.

განცხადებაშია ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება მათთვის საწვავის მიწოდება და ჰუმანიტარული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, საბავშვო ბაღებისა და სკოლების გათბობის სისტემების უზრუნველყოფა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით მომარაგება.

მხარეები მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაში ყარაბაღის სომხების წარმომადგენლების სახით მონაწილეობდნენ სერგეი მარტიროსიანი და დავით მელკუმიანი, ხოლო რუსული მხრიდან, რუსეთ-თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, კონტრადმირალი ოლეგ სემიონოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები