ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „მარაკეშის შეთანხმების“ დებულებების კანონმდებლობაში ასახვის შესახებ შეხვედრა გაიმართა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით მულტისექტორული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო „უსინათლო, მცირედმხედველი ან ბეჭდური ინფორმაციის კითხვის სხვაგვარი სირთულეების მქონე პირთათვის გამოცემულ ნაწარმოებებზე მისაწვდომობის ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების“ (ცნობილი, როგორც „მარაკეშის შეთანხმება“) დებულებების ქართულ კანონმდებლობაში ასახვის შესახებ კომიტეტის ხედვის გაზიარება.
„შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკითხზე მომუშავე პარლამენტის წევრები, რელევანტური უწყებების, თემის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. კომიტეტმა სტუმრებს პრეზენტაციის სახით გააცნო „საქპატენტთან“ თანამშრომლობით მომზადებული კანონპროექტის ძირითადი ასპექტები და ინფორმაცია „მარაკეშის შეთანხმებასთან“ ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით განსახორციელებელი საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.
შეხვედრის მონაწილეების მხრიდან ხაზი გაესვა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებისა და შეთანხმების რატიფიცირების მნიშვნელოვან სიკეთეებს უსინათლო, მცირედმხედველი ან ბეჭდური ინფორმაციის კითხვის/აღქმის შეზღუდვის მქონე პირთათვის. აღინიშნა საკანონმდებლო ცვლილებების დროული მიღების და მის პარალელურად, საქართველოს მხრიდან შეთანხმების რატიფიცირების საჭიროება, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება ბენეფიციართა უფლებების რეალიზების შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულის შედეგად, საქართველო, აგრეთვე, უპასუხებს მიმდინარე წელს, გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სასურველია პროექტის ინიცირება უახლოეს მომავალში, რითაც დაიწყება დისკუსიები პროექტის ირგვლივ. მონაწილეების მხრიდან გამოითქვა კმაყოფილება წარმოდგენილი ინიციატივის მიმართ და გამოიხატა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.