გოლოდომორი უკრაინაში – ტრაგედია თუ გენოციდი? (პირველი ნაწილი)
,,ისტორიამ თავისი განაჩენი უკვე გამოუტანა მკვლელებს, რომლებმაც დაგეგმეს და მოაწყვეს შიმშილი. ეს არის ტოტალიტარული, კომუნისტური, სისტემა, რომელსაც ეროვნება არა აქვს.”
ვიქტორ იუშჩენკო
უკრაინაში ხელოვნურად ორგანიზებულ მასობრივ შიმშილს 1932-33 წლებში 4 მილიონამდე ადამიანი შეეწირა, ეს არასოდეს ყოფილა საბჭოთა კავშირში აღიარებული, როგორც ფაქტი. თუმცა უკრაინაში ეს მოვლენა საკმაოდ კარგად ახსოვდათ. უკრაინაში 30-იანი წლების ,,შიმშილის” თემაზე მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ალაპარაკდნენ. ამ ქვეყნის იტორიკოსებმა მიაკვლიეს იმის დამადასტურებელ მასალებს, რომ ხელოვნურად გამოწვეულ შიმშილს მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა. იმ დროს გადარჩენილი ხალხის ნაამბობით, ადამიანები კანიბალებად იქცნენ, რომ არ დახოცილიყვნენ. შიმშილი კი მოჰყვა გლეხებისთვის ხორბლისა და საქონლის სისტემატურ ჩამორთმევას იმ მიზნით, რომ მცირე მიწათმფლობელები, ე.წ. კულაკები, მოესპოთ და გლეხები იძულებული გაეხადათ, დაეთმოთ მიწა და კოლექტიურ მეურნეობაში გაერთიანებულიყვნენ.
ვინც კი იცნობს ამ პერიოდის მასალებს, შეუძლია გარკვეული შეფასება მისცეს ამ მოვლენებს. დღეს ისმის კითხვა ეს – ტრაგედია იყო თუ გენოციდი? ცარიზმის დამხობას მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბით ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობებო მოჰყვა. ეს განსაკუთრებით ძლიერი იყო საქართველოში, უკრაინაში და ბალტიისპირეთში. უკრაინას ეროვნული აღორძინება, ევროპის საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, უმძიმეს მდგომარეობაში წარიმართა, ის ფაქტობრივად ჩართული იყო რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომში, თუმცა თავის დაცვა უწევდა ევროპული იმპერიალიზმის შემოტევებისგანაც.
ამ ქაოსური პოლიტიკის ფონზე უკრაინაში გამოიკვეთა ნაციონალური მიმდინარეობის სიმონ პეტლიურას მოძრაობა, რომელსაც ერთდროულად მოუწია ბრძოლა როგორც ბოლშევიკებთან, ასევე თეთრ გვარდიასთან. პეტლიურას მოძრაობა, მიუხედავად გმირული ბრძოლისა, მაინც დამარცხდა, თუმცა წარუშლელი კვალი დატოვა უკრაინელ ერზე. რუსეთში სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, დიდ კომპრომისზე წავიდა.
ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, უკრაინელ გლეხებს მისცეს მიწა, ქვეყანაში დაიწყო საყოველთაო ,,უკრაინიზაციის“ პროცესი. ბოლშევიკური მთავრობის ნებართვით, შეიქმნა უკრაინული უნივერსიტეტი, სკოლები, გამომცემლობები, 1919 წელს საბოლოოდ ჩამოყალიბდა უკრაინის მეცნიერებათა აკადემია. სამოქალაქო ომის დროს დაწყებული ეროვნული აღორძინების პროცესი გაგრძელდა, თუმცა ამ მოვლენებს უკვე ბოლშევიკური რუსეთი აკონტროლებდა და უკრაინელი ერის განვითარება აბსულუტურად განსხვავებული კუთხით მიჰყავდა.
1927 წლისთვის უკრაინის ნაციონალური იდეების გაღვივებას ხელს თვით ქვეყნის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტშიც უწყობდნენ, უკრაინელმა კომუნისტებმა ეროვნული აღორძინებასთან ერთად ნაციონალური იდეების საყოველთაო პოლიტიკის გატარებაც დაიწყეს, რაც კრემლისთვის აბსულუტურად მიუღებელი იყო. კიევში ჩამოყალიბდა ნაციონალ-კომუნისტების ჯგუფი, რომელსაც უკრაინის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთ ხელმძღვანელი მიკოლა სკრიპნიკი ედგა სათავეში. იმავე წელს სტალინის კაბინეტი შეტევაზე გადავიდა, დიდი ბელადის უშუალო ჩარევით კიევში დაიკეტა ,,ვაპლიტე“ (პროლეტარ მწერალთა თავისუფალი აკადემია). რამდენიმე უკრაინელი მწერალი, რომელიც აშკარად ნაციონალური იდეოლოგიის გატარებას ცდილობდა, რუსეთში გადაასახლეს. კრემლი ახალი შეტევებისთვის ემზადებოდა.
1929 წელს სუკ-მა გამოავლინა იატაკქვეშა კონტრევოლუციური ორგანიზაცია ,,უკრაინის განთავისუფლების კავშირი“ (სვუ), რომლის მთავარი შტაბი მეცნიერებათა აკადემიის შენობაში იყო მოთავსებული. მასობრივი დაპატიმრებები თავდაპირველად სამღვდელოებას, ინტელიგენციას და კულაკებს შეეხო. უკრაინის მეცნიერებათა აკადემია დაიხურა, მისი წევრები კი რუსეთში გადაასახლეს ან დააპატიმრეს. იმავე წელს გაუქმდა უკრაინის დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესია, უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელები რუსეთის ეკლესიას დაუქვემდებარეს ან დააპატიმრეს. კრემლი საკმაოდ ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად მოქმედებდა. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ კულაკების მეურნეობები უკრაინის ბაზრის ყველაზე შემოსავლიანი და რენტაბელური ნაწილი იყო, რომლის მოშლით ქვეყანაში საშინელი სასურსათო დეფიციტი შეიქმნებოდა. უკრაინელმა სახალხო კომისრებმა მიაღწიეს კოლექტივიზაციის საერთო მასშტაბების შემცირებას, თუმცა ეს კრემლის მოჩვენებითი უკანდახევა იყო. 1931 წლიდან უკრაინაში კოლექტივიზაცია ყოვლისმომცველი გახდა.