როგორ შეიცვალა ვითარება მას შემდეგ, რაც ძაღლების გასეირნების წესი გამკაცრდა, როგორ იცავენ მოქალაქეები რეგულაციას – „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის განმარტება

როგორ შეიცვალა ვითარება მას შემდეგ, რაც ძაღლების გასეირნების წესი გამკაცრდა: როგორ იცავენ ცხოველების მეპატრონეები რეგულაციას, რას აჩვენებს მონიტორინგის შედეგები – ამ საკითხებთან დაკავშირებით განმარტება მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორმა, გიორგი კობიაშვილმა გააკეთა.

“რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კანონი გამკაცრდა, გასეირნების წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობა გაიზარდა. კანონის ძალაში შესვლის დღიდან “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო” აქტიურად მუშაობს, საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებთ, ასევე – სხვადასხვა სკვერში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მონიტორინგი ხორციელდება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადმოსახედიდან, გამომდინარე შეტყობინებებიდან, სტატისტიკიდან ჩანს, რომ ვითარება საგრძნობლად შეცვლილია უკეთესობისკენ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, მონიტორინგს განვაგრძობთ, დაწერილია ჯარიმები, ხშირ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის ჩართვა გვიწევს, რადგან მოქალაქეების მხრიდან წინააღმდეგობას ვაწყდებით. ძირითადად პრეტენზია იმასთან დაკავშირებითაა, რომ ძაღლს თავისუფლად გადაადგილება სჭირდება, საბმელის და ალიკაპის გარეშე. უფრო საბმელზეა ყურადღება გამახვილებული.

მოქალაქეს უფლება აქვს,  ძაღლი საბელით, ან  ალიკაპით  გაასეირნოს.

რა თქმა უნდა, მესმის ამ ადამიანების. ცხოველს ფიზიკური აქტივობა, თავისუფლად გადაადგილება სჭირდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში ბევრ სკვერში უკვე გამოყოფილია ცხოველისთვის სივრცე, სადაც შეიძლება, ის ალიკაპის და საბმელის გარეშე იყოს შეშვებული. ასევე, ახალ სკევრებში, რომელიც კეთდება, გასასეირნებელი სივრცეები იქნება გათვალისწინებული.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი საბოლოოდ დადებით შედეგებამდე მიგვიყვანს. თბილისში ეს წესის სრულად დაცული უნდა იყოს, ყველა პარკში, სკვერში, ყველა პატრონიანი ძაღლი, ალიკაპით, ან საბმელით უნდა იყოს გამოყვანილი, რათა თავიდან ავირიდოთ საფრთხე. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა პატრონიან ძაღლს აგრესია გამოუჩენია, ყოფილა დაკბენის შემთხვევებიც. ვფიქრობ, კანონი, ჩვენი მონიტორინგი, საინფორმაციო კამპანია უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანს. ყოველდღიურად ქალაქში სააგენტოს ეკიპაჟი გადაადგილდება, რომელიც სკვერებში, პარკებში მონიტორინგს ახორციელებს და კანონდარღვევებზე რეაგირებას ახდენს”, – განაცხადა კობიაშვილმა.

ცნობისთვის, ივნისში პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. ამასთან, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და გამოფენებზე ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა შესაძლებელია. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება (განსაზღვრულ სივრცეებში ძაღლის, ალიკაპის ან საბელის გარეშე ყოლა) იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები