ნატო ვერ ხედავს იმის მტკიცებას, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დრონის ნამსხვრევები გამოწვეული იყო მოსკოვის მიზანმიმართული თავდასხმით.
ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, – წერს Reuters-ი.
„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს რუსეთის მიერ მიზანმიმართულ თავდასხმაზე და ველოდებით გამოძიების შედეგებს, რომელიც მიმდინარეობს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატომ ადრე განაცხადა, რომ რუმინეთმა 6 სექტემბერს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ნატოს წევრებს აცნობა ინციდენტის შესახებ, ხოლო ალიანსის წევრებმა “მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადეს რუმინეთს”.
„ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და ვაგრძელებთ კავშირს ჩვენს მოკავშირე რუმინეთთან“, – განაცხადა ნატომ.
მოგეხსენებათ, 4 სექტემბერს უკრაინამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზმაილსა და რენიზე “შაჰედების” მიერ თავდასხმის დროს რუმინეთის ტერიტორიაზე ორი დრონი ჩამოვარდა.
თავიდან, რუმინულმა მხარემ ინციდენტი კატეგორიულად უარყო.
თუმცა, 6 სექტემბერს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ რუმინეთის მხრიდან დუნაის სანაპიროზე უპილოტო თვითმფრინავის ნამსხვრევების მსგავსი ფრაგმენტებია ნაპოვნი და ისინი ექსპერტიზაზე გაგზავნეს.
ამის შემდეგ, რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა გამოაცხადა სასწრაფო გამოძიების აუცილებლობა და თუ დადასტურდა, რომ ეს “შაჰედის” ფრაგმენტებია, რუმინეთი ვითარებას “აბსოლუტურად მიუღებლად” ჩათვლის.