ნინო წილოსანი – ოპოზიციას: თქვენ სატელევიზიო მსახიობებად აგირჩიათ ხალხმა და მხოლოდ სანახაობით გინდათ, გაართოთ?!

„სამწუხაროდ, ეს სეზონი რთული კლიმატური პირობებით ხასიათდება და ამჯერად ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო კულტურები და დიდწილად ვენახები სერიოზულად დააზიანა. სახელმწიფო მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება 1 კგ 0.90 ლარად მოახდინოს და, ამავდროულად, ყველა შესაბამისი სტრუქტურა მუშაობს, რათა დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება”, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ ფერმერებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში, მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ზარალი.

„2023 წლის მონაცემებით, კახეთის რეგიონში, 4,809 ბენეფიციარმა ისარგებლა ვაზის დაზღვევით, დაზღვეულია 8,391.40 ჰა. ჯამურად სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 7,187,530 ლარი. ამიტომ მინდა ეს ტრიბუნაც გამოვიყენო და მოვუწოდო მევენახე ფერმერებს, რომ უფრო აქტიურად გამოიყენონ აგროდაზღვევის პროგრამა. მითუმეტეს, რომ დაზღვევაში თანამონაწილეობის ხარჯი, მნიშვნელოვნად მცირეა მოსავლის განადგურებით დამდგარ ზარალთან შედარებით”, – განაცხადა ნინო წილოსანმა. მისი თქმით, კლიმატის ცვლილებების, სტიქიური მოვლენებისა და მისი სავალალო შედეგების, რეგიონში მიმდინარე გამოწვევების და სხვა სირთულეების მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესია მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით.

„თუ ათი წლის წინ მევენახეებთან სეზონზე 35 მილიონი ლარი შედიოდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 270 მილიონი ლარი იყო”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ამ მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, ოპონენტების მხრიდან ხდება დეზინფორმაციის გავრცელება.

„სრული დეზინფორმაცია, სტიქიებზე და უბედურებებზე მონადირე, დაგეშილი ადამიანების ზეიმი, როცა რამე განსაცდელი გამოუჩნდება ჩვენს ხალხს და იგივე მოხდა ახლაც, ალბათ ამ ბოლო დღეებშიც, ბევრჯერ ნახავდით „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს აღშფოთებულს და ანერვიულებულს, თითქოს კახელ გლეხებზე რომ დარდობენ, მაგრამ ვითომ თავის საქმეს, რაც მათ ევალებათ, საერთოდ ასრულებენ კი?! ეს ადამიანები, თითქოს იმიტომ აირჩია საკუთარმა ამომრჩეველმა, რომ მათი წარმომადგენელი ყოფილიყვნენ პარლამენტში და მნიშვნელოვან პროცესებში ღირებული მონაწილეობა გაეწიათ, თუმცა რამდენჯერ დაესწრნენ მაგალითად აგრარული კომიტეტის სხდომებს, სადაც ზუსტად ის საქმე უნდა გააკეთონ, რაზეც ისინი შემდგომში ქუჩიდან და ტელევიზიებიდან გაჰყვირიან და ნერვიულობენ. ვისურვებდი ოპოზიციის პასუხისმგებლობა მაშინ გამოიყენოთ, როცა ფერმერებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აქ, პარლამენტში ვმსჯელობთ. თქვენ სატელევიზიო მსახიობებად აგირჩიათ ხალხმა და მხოლოდ სანახაობით გინდათ გაართოთ?!” – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო გურჯაანში მერის შუალედურ არჩევნებში, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მცირედი მხარდაჭერაც არ ექნებოდა.

„გურჯაანში მერის შუალედური არჩევნებია და შემთხვევით ხომ არ გამოგრჩათ, თუ გააზრებულად არ მიიღეთ მონაწილეობა? რასაც საუბრობთ თუ გულწრფელი ხართ, მართლა თუ სიმართლეს ეუბნებით კახელ ფერმერებს და ადგილობრივებს, უკეთ მართვა თუ შეგიძლიათ, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს, მაგრამ ის, რომ თქვენ მერის კანდიდატი არ წარადგინეთ სწორედ ეს არის პასუხი თქვენს პოპულიზმზე – თავადაც არ გჯერათ იმ ტყუილების, რასაც საუბრობთ და საკუთარ ამომრჩეველსაც ვეღარ ატყუებთ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები