“უკრაინაში არსებული კორუფცია იარაღის მიწოდებას აფერხებს” – ლიეტუვის პრეზიდენტი
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ უკრაინაში კორუფცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დასავლეთის ქვეყნებზე, როდესაც კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე გადაწყვეტილებას იღებენ.
ამის შესახებ მან ტელერადიოკომპანია LRT-ის ეთერში განაცხადა.
“ეს არის მნიშვნელოვანი მიზეზი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი. რადგან ის სახელმწიფოები, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, დემოკრატიული სახელმწიფოებია, ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ თავიანთი საზოგადოების განწყობა და ამომრჩევლების აზრი. წარმოიდგინეთ, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოში ამომრჩევლები დაინახავენ, რომ ქვეყანაში, სადაც დახმარება იგზავნება, არის ძალიან თვალსაჩინო კორუფციული სკანდალები. ეს არის უდიდესი დარტყმა ამ სახელმწიფოს რეპუტაციისთვის”, – დასძინა მან.
ნაუსედას კომენტარი უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის გადაყენებას მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში კორუფცია არ უხსენებია, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში დაიწყო გამოძიება იარაღის შესყიდვისას ძალადობისა და ქრთამის აღების შესახებ.
ამავდროულად, ნაუსედა არ ფიქრობს, რომ ამერიკული F-16 გამანადგურებლების მიწოდების შეფერხების მიზეზი ეს ფაქტი იყოს.
მანამდე, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსუსკასმა განაცხადა, რომ ოლექსი რეზნიკოვის შემცვლელს, რუსტემ უმეროვს დასავლელ ლიდერებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ძალისხმევა დასჭირდება.