უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, გვიან ღამით რუსული “შაჰედები” რუმინეთში ჩამოვარდა და აფეთქდა.
ამის შესახებ მან სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით თქვა.
„უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, გვიან ღამით რუსეთის მიერ იზმაილის პორტის მიდამოში განხორციელებული მასიური თავდასხმის დროს „შაჰედები“ რუმინეთის ტერიტორიაზე აფეთქდა“, – განაცხადა მან.
მან დუნაის რუმინულ მხარეს აფეთქების ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინელი მესაზღვრეების მიერ იზმაილთან არის გადაღებული.
„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ რუსული სარაკეტო ტერორი უზარმაზარ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ – მეზობელი ქვეყნების, განსაკუთრებით, ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
ამავდროულად, ნიკოლენკოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო.
„სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომელიც გამოჩნდა საჯარო სივრცეში, რომ, თითქოს, რუსული დრონები რუმინეთის ეროვნულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა”.
„ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელი სტრუქტურები რეალურ დროში აკვირდებოდნენ ვითარებას როგორც წუხელ, ასევე, შაბათს და კვირას. არცერთ ეპიზოდში რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებული დრონები რუმინეთის ეროვნულ ტერიტორიას ან ტერიტორიულ წყლებს პირდაპირ საფრთხეს არ უქმნიდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ეს თავდასხმები გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.