დღეიდან გზებზე მანქანების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო

დღეიდან გზებზე მანქანების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ტარიელ ირემაძემ ისაუბრა.

“4 სექტემბრიდან გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება. აღნიშნული რეგულაცია საქართველოს 4 დიდ ქალაქში იმოქმედებს: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. რეგულაციის აღსრულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალა, რომლის ეკიპაჟებიც დღეიდან ამ 4 ქალაქში მოძრაობენ. სულ 10 ეკიპაჟი დაკომპლექტდა, რომლებიც ქუჩებში უწყვეტ რეჟიმში გადაადგილდებიან და ავტომობილებს შესაბამისი წესით აკონტროლებენ. რაც შეეხება უშუალოდ კონტროლს: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ ხნის განმავლობაში ემზადებოდა, ჩვენ გამზომი ხელსაწყოები და აპარატურა შევიძინეთ, რომელიც ევროკავშირის ბაზარზეა აპრობირებული და სხვადასხვა სახელმწიფო იყენებს. აპარატურა გამართულია და ძალიან კარგად მუშაობს. დეპარტამენტის ეკიპაჟები ასევე სხვადასხვა დამატებითი ხელსაწყოთი არიან აღჭურვილები. შემოწმება შემდეგნაირად ხდება: როდესაც მანქანის მესაკუთრე ქალაქში ხილული გამონაბოლქვით გადაადგილდება, ჩვენს ეკიპაჟს შეუძლია, ავტომობილი გააჩეროს და შესაბამისი ხელსაწყოთი შეამოწმოს. თუ მავნე ნივთიერებების გადაჭარბება ფიქსირდება, რომელიც მთავრობის დადგენილებითაა მიღებული, ჩვენს ეკიპაჟს შეუძლია, ჯარიმა დაწეროს, რომელიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული”, – განაცხადა ირემაძემ.

მანვე განმარტა, რა სანქციებია გათვალისწინებული კანონის დარღვევის შემთხვევაში.

“სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში (იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 15 დღის შემდეგ) 300 ლარით, ბოლოს დადებული სახდელიდან 15 დღის შემდეგ სამართალდარღვევის კვლავ განმეორების შემთხვევაში 600 ლარით. იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში 1500 ლარით, მესამედ განმეორების შემთხვევაში 3000 ლარით. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმის ანულირება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ, სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მესაკუთრე, თავისი ხარჯით, სატრანსპორტო საშუალებას აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში ინსპექტირებას ჩაუტარებს და დადგინდება, რომ გამონაბოლქვი დადგენილ ნორმას შეესაბამება.
ეს რეგულაცია მოიაზრებს იმას, რომ ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც რეგისტრირებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და აქვს სპეციალურად მინიჭებული რეგისტრირებული ნომერი, შესაძლოა, ჩვეულებრივი წესით დაჯარიმდეს. თუ ჯარიმა გადახდილი არ იქნება, ის საქართველოს საზღვრებს ვერ დატოვებს. ეს ინფორმაცია საზღვარზეც იქნება გადაცემული. ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს როგორც შსს-სთან, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან, საბაჟო დეპარტამენტთან.
ვფიქრობთ, პროცესი სამომავლოდ ბევრად უფრო მასშტაბური და ეფექტიანი გახდება. საქართველოში, იმ ქალაქებში, სადაც დღეს კონტროლი დაიწყო ატმოსფერულ ჰაერსაც საკმაოდ კარგ შედეგებს მოუტანს”, – განაცხადა ირემაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები