“უფროსი ძმის ადვოკატიც არ გავხდები, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს პუტინმა გააკეთა” – ლუკაშენკო პრიგოჟინის ავიაკატასტროფაზე
ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „ვაგნერი“ ცხოვრობდა, „ვაგნერი“ ცოცხალია და „ვაგნერი“ ბელარუსში იცხოვრებს, მოეწონება ეს ვინმეს თუ არა.
“პრიგოჟინთან ერთად ჩვენ ავაშენეთ სისტემა, თუ როგორ განთავსდება “ვაგნერი” ჩვენს ქვეყანაში. და ეს სურათები კოსმოსიდან, რომ რაღაცის დემონტაჟი მიდის, უბრალოდ ზედმეტ კარვებს ვიღებთ, ამდენი არ არის საჭირო. ბირთვი აქ რჩება, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაცამ გადაწყვიტა – სხვაგან ეცხოვრა, მაგრამ ამ ბირთვის ტელეფონები, მისამართები ცნობილია. რამდენიმე დღეში ყველა აქ იქნება, 10 ათასამდე ადამიანი. ახლა არ არის საჭირო მათი აქ ყოფნა. ამიტომ, ისინი არსად გარბიან. სანამ ეს დანაყოფი გვჭირდება, ისინი ჩვენთან იცხოვრებენ და იმუშავებენ”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
მისივე განმარტებით, ევგენი პრიგოჟინის მკვლელობის უკან არ შეიძლება, იყოს რუსეთის პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინი.
„არ შემიძლია, ვთქვა, თუ ვინ გააკეთა, უფროსი ძმის ადვოკატიც არ გავხდები. მაგრამ მე ვიცნობ პუტინს. ის არის წინდახედული, ძალიან მშვიდი და თუნდაც ნელი ადამიანი, სხვა, ნაკლებად რთული საკითხების გადაწყვეტისას. ამიტომ, ვერ წარმომიდგენია, რომ ეს პუტინმა გააკეთა, რომ პუტინია დამნაშავე. ზედმეტად უხეში, არაპროფესიონალური სამუშაოა, თუ მაგაზე მიდგა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.