ჩინეთის მთავრობის მიერ გასული წლის ბოლოს “ნულოვანი კოვიდის” გამოცხადებამ ორ თვეში, სავარაუდოდ 1,87 მილიონი ადამიანი შეიწირა, მაშინ – როდესაც ოფიციალური მონაცემით 2022 წლის დეკემბერ – 2023 წლის იანვრის პერიოდში ქვეყანაში 60 ათასი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ სიეტლში მდებარე, ფრედ ჰაჩინსონის ონკოლოგიური ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელზეც Reuters წერს.
მათი შეფასებით, 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრამდე 30 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, ყველა მიზეზით – 1,87 მილიონი გარდაცვალების დამატებითი შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის ყველა პროვინციაში, გარდა ტიბეტისა.
JAMA Network Open-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ეს რიცხვი ბევრად აღემატება ოფიციალურ სტატისტიკას, რომლის მიხედვით, “ნულოვანი კოვიდის” გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში მხოლოდ 60 ათასი გარდაცვალება დაფიქსირდა.
მკვლევრები ეყრდნობიან სტატისტიკურ ანალიზს, კერძოდ, გამოქვეყნებულ ნეკროლოგებს და პოპულარული ჩინური ინტერნეტსაძიებო სისტემის Baidu-ს მონაცემებს.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ჩინეთმა სიკვდილიანობის შესახებ ყოველდღიური მაჩვენებლის გამოქვეყნება 2022 წლის ბოლოს შეწყვიტა.
ივლისში ჩინეთის ერთ-ერთმა პროვინციამ თავის ვებსაიტზე მოკლე სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ წლის პირველ კვარტალში კრემაცია 70%-ით გაიზარდა.
თებერვალში ჩინეთის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსზე “გამარჯვება მოიპოვა”.
თუმცა, 24 აგვისტოს გამოცხადდა, რომ ვირუსი ქვეყანაში ჯერ კიდევ ცირკულირებს და ნომერ პირველ დაავადებად რჩება.
ოფიციალურმა პირებმა Omicron-ის ახალი ვარიანტი – EG.5 ან “Eris” დომინანტურ შტამად დაასახელეს.
როგორც Global Times წერს, „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულმა ბიურომ განაცხადა, რომ ახალი EG.5 ვარიანტის მაჩვენებელი აპრილში 0.6%-დან აგვისტოში 71.6%-მდე გაიზარდა და ჩინეთის უმეტეს პროვინციებში დომინანტური შტამი გახდა”.