“პრიგოჟინის დაღუპვა ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია” – კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფაში დაღუპვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის სახელმწიფო მასშტაბის დიდი პიროვნება იყო.

ამასთან, კადიროვი წერს, რომ ბოლო დროს ის ან ვერ ხედავდა ან არ სურდა, დაენახა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების სრული სურათი.

“დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. ევგენი ვიქტოროვიჩთან ერთად ხშირად ურთულესი საკითხების გადაჭრა გვიწევდა. იგი გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით, უნიკალური კომუნიკაბელურობით და შეუპოვრობით. ის გროზნოში ჩემი პირველივე მოწვევით ჩამოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უფროსი იყო.

მასთან შეგეძლო ნებისმიერ თემასა და პრობლემაზე საუბარი. ის ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად და ნამდვილად მთელი გულით გეხმარებოდა. ჩვენ ასევე დავეხმარეთ მას ზოგიერთ საკითხში ლიბიასა და აფრიკაში. ბევრი საერთო გვქონდა. ერთ-ერთი ვიზიტის დროს მან მაჩუქა “ვაგნერის” ოქროს მედალი „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.

ევგენი ვიქტოროვიჩი თავისი ასაკისთვის ძალიან აქტიური იყო, ის სახელმწიფო მასშტაბის მნიშვნელოვანი პიროვნება იყო. მაგრამ ბოლო დროს ის ან ვერ ხედავდა ან არ სურდა – დაენახა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების სრული სურათი.

ვთხოვე, გვერდზე გადაედო პირადი ამბიციები ეროვნული მნიშვნელობის საკითხების გამო. დანარჩენის მოგვარება მოგვიანებითაც შეიძლებოდა. მაგრამ ის ასეთი იყო, პრიგოჟინი, თავისი რკინის ხასიათით და მიზნის მიღწევის სურვილით აქ და ახლა.

ეჭვგარეშეა, მან დიდი წვლილი შეიტანა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებაში. და ეს დამსახურება მას არ შეიძლება, წაერთვას. მისი დაღუპვა დიდი დანაკლისია მთელი სახელმწიფოსთვის.

გულწრფელად ვუსამძიმრებ ევგენი ვიქტოროვიჩის ოჯახს და მეგობრებს”, – წერს კადიროვი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები