კერძო სამხედრო კამპანიის “ვაგნერის ჯგუფის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავი – Embraer Legacy 600 მოსკოვის, შერემეტიევოს აეროპორტიდან 23 აგვისტოს 17:54 საათზე აფრინდა. ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა. გამგზავრებამდე ბორტგამცილებელმა, კრისტინა რასპოპოვამ ახლობლებს აცნობა, რომ მათი რეისი რატომღაც ჭიანურდება.
– 18:10 საათზე თვითმფრინავი ტვერის თავზე 8,5 კმ სიმაღლეზე აფრინდა. flightradar-ის მიხედვით, 9-წუთიანი ჰორიზონტალური ფრენისა და 9,1 კმ-მდე ასვლის შემდეგ, 18:19 საათზე Embraer Legacy 600-მა ვარდნა დაიწყო. მან 22 წამში, მოულოდნელად, სიმაღლე 2,5 კილომეტრის მანძილამდე დაკარგა.
– 18:20 საათზე თვითმფრინავი რადარიდან ქრება (გამგზავრებიდან 26 წუთის შემდეგ).
– თვითმფრინავი ტვერის რაიონის სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფამდე ადგილობრივებმა რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს. თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავის ფრაგმენტები, დაახლოებით, ხუთი კილომეტრის მანძილზე იყო მიმოფანტული.
– ავიაკატასტროფის შემდეგ, როსავიაციამ მგზავრების სია გამოაქვეყნა. მასში, ევგენი პრიგოჟინის გარდა, იყვნენ მისი მოადგილე, ვალერი ჩეკალოვი და “ვაგნერის ჯგუფის” მეთაური – დიმიტრი უტკინი. ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ “ვაგნერის” მებრძოლები, სავარაუდოდ, პრიგოჟინის დაცვა.
– ათივე ცხედარი კატასტროფის ადგილზე იპოვეს. ამ დროისთვის მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. აფეთქების შედეგად, ცხედრები ძალიან დაზიანდა, ზოგიერთის იდენტიფიცირება „ირიბი ნიშნებით“ ან შესაძლოა, დნმ-ით მოხდება. ამჟამად, ისინი ექსპერტიზაზე არიან გადაყვანილნი.
– ტელეგრამის არხის ცნობით, შერემეტიევოში, საიდანაც თვითმფრინავი აფრინდა, სპეციალური ბრძანება გაიცა და სამორიგეოდ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლები, უქმეების შემდეგ გამოიყვანეს.