“რუსეთში ცოტა რამ ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას“ – ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ ავიაკატასტროფის უკან, რომლის შედეგად ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა, შესაძლოა – რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იდგეს.
ამის შესახებ მან CNN-ს განუცხადა.
კერძოდ, ავიაკატასტროფაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ბაიდენმა თქვა, რომ “რუსეთში ცოტა რამ ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას“, მაგრამ დააზუსტა, რომ მან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, რომ პასუხი იცოდეს.
ბაიდენმა ერთი თვის წინანდელი სიტყვებიც გაიხსენა იმის შესახებ, რომ პრიგოჟინის ადგილას უფრო ფრთხილად იქნებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ჭამს და რით გადაადგილდება.
ასევე, მან ჟურნალისტებთან მოკლე საუბარში განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.
23 აგვისტოს საღამოს როისავიაციამ გამოაცხადა, რომ ტვერის ოლქში “ვაგნერის” ჯგუფის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. უწყებამ, როგორც მედია აღნიშნავს, უჩვეულოდ სწრაფად გამოაცხადა, რომ ბორტზე 10 ადამიანია იმყოფებოდა, მათ შორის, ეკიპაჟის სამი წევრი, ასევე, როსავიაციის ინფორმაციითვე, მგზავრებს შორის იყო თავად ევგენი პრიგოჟინი და მისი მოადგილე – დმიტრი უტკინი (ვაგნერი).
შემთხვევის ადგილზე მისულმა შესაბამისმა სამსახურებმა გამოაცხადეს, რომ ყველა ადამიანი დაღუპულია.
მანამდე, ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ჩამოვარდნამდე თითქოს აფეთქების ხმა გაიგეს.