მედიის ცნობით, ლიბიაში სამხედრო შეტაკებები მიმდინარეობს

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში სამხედრო შეტაკებებია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეტაკებები 444-ე ბრიგადასა და სპეციალური შეკავების ძალებს შორის მიმდინარეობს, რომლებიც ლიბიის დედაქალაქის ყველაზე ძლიერ შეიარაღებულ დაჯგუფებებად მიიჩნევა.

ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე თვიანი სიმშვიდის შემდეგ, ორშაბათს, გვიან ღამით ტრიპოლის სხვადასხვა რაიონში ვითარება კვლავ დაიძაბა და დაპირისპირებები ამ დრომდე გრძელდება.

მხარეებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სპეციალურმა შემაკავებელმა ძალებმა, სავარაუდოდ, 444-ე ბრიგადის მეთაური მაჰმუდ ჰამზა დააკავეს.

სამხედრო შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დრომდე უცნობია.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტრიპოლის მაცხოვრებელთა უმრავლესობა საკუთარ სახლებშია ჩაკეტილი.

ჯანდაცვის უწყებამ დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დაზარალებულ რაიონებში შესვლის საშუალება მისცენ.

აღსანიშნავია, რომ 444-ე ბრიგადას მხარს უჭერს ტრიპოლის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, როგორც ცნობილია, შემაკავებელი სპეციალური ძალები აკონტროლებენ დედაქალაქში მიტიგას აეროპორტს.

საბრძოლო მოქმედებების გამო, მიტიგას აეროპორტიდან ფრენები გადაიდო. გარდა ამისა, ტრიპოლის უნივერსიტეტმა გაკვეთილები გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები