გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი თინათინ ელბაქიძე
საქართველოს დამსახურებული არტისტი, ჟურნალისტი, მსახიობი თინათინ ელბაქიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თინათინ ელბაქიძემ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს დაამთავრა.
მუშაობა დაიწყო სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში; იყო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი; 1961-2004წწ. მუშაობდა საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის დირექტორად; ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას; ჰქონდა საავტორო გადაცემები: “რაღაც უნდა გადარჩეს” და “ლიტერატურული სალონი”; 1980 წელს დაარსა “ერთი მსახიობის პუბლიცისტური თეატრი”, რომლის პირველი სპექტაკლები დაიდგა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე; შემდეგ ამ თეატრმა გადაინაცვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 5 წელი იარსება; იყო ამ თეატრის მსახიობიც, რეჟისორიც, მხატვარიც, კომპოზიტორიც და რეპერტუარის ავტორიც; თეატრის რეპერტუარიდან აღსანიშნავია: “რუსთაველის ნაკვალევზე (ი. აბაშიძე), “წინ დავით აღმაშენებლისაკენ” (აკ. ბაქრაძე), “პატარა სამშობლო” (გ. ქიქოძე); 1956-1961წწ. სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შასრულა 20-მდე როლი, მათ შორის: მაია წყნეთელი (ვ. კანდელაკის “მაია წყნეთელი”), ბეატრიჩე (კ. გოლდონის “ორი ბატონის მსახური”), ბიანკა (უ. შექსპირის “ოტელო”); ავტორია კრებულებისა: “ჩემი კუნძული”, “რადიოს ოქროს ფონდის საგანძური”.