ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების გადახედვის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს ჯორჯიის შტატში ბრალი წაუყენეს.
დიდმა ნაფიცმა მსაჯულმა დაადგინა, რომ ტრამპს 2020 წელს, შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვის მცდელობა ჰქონოდა.
შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის წინააღმდეგ ეს უკვე მეოთხე სისხლის სამართლის საქმეა.
ტრამპს ბრალი 11 მუხლით ედება, მათ შორის გაყალბების მიზნით შეთქმულებაში; ოფიციალური პირის ფიცის დარღვევისკენ იძულებაში; ასევე დანაშაულებრივი ორგანიზაციების შესახებ კანონის დარღვევაში.
ტრამპის გარდა, ბრალი წაუყენეს კიდევ 18 ადამიანს, მათ შორის – თეთრი სახლის აპარატის ყოფილ ხელმძღვანელს, მარკ მიდოუსს; ტრამპის პირად ადვოკატს, რუდოლფ ჯულიანის; იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომელს, ჯეფრი კლარკს და ტრამპის ადვოკატსა და კონსულტანტს – ჯონ ისტმანს.
ბრალდებას ტრამპი გამოეხმაურა. მისი თქმით, ფულტონის ოლქის პროკურორის, ფანი უილისის ბრალდება – პოლიტიკურად მოტივირებულია.
ფანი უილისის თქმით, პროკურატურა გამოვა შუამდგომლობით, რომ სასამართლო პროცესი მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჩატარდეს.