“თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდა” – თვითმფრინავი, რომელიც მალაიზიაში რეისს ასრულებდა, უკან, სიდნეის აეროპორტში დაბრუნდა
Malaysia Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სიდნეის აეროპორტიდან რვასაათიან რეისს კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა, სამსაათიანი ფრენის შემდეგ, უკან, სიდნეის აეროპორტში დაბრუნდა.
ამის შესახებ The Associated Press წერს.
ავიაკომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის მიზეზი ერთ-ერთი მგზავრის მიერ “წესების დარღვევა” გახდა.
Nine News იტყობინება, რომ Airbus A330-ის მგზავრი ზურგჩანთით „თვითმფრინავის აფეთქებით“ იმუქრებოდა. ეკიპაჟმა ზურგჩანთის შემოწმება შეძლო, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვა.
თუმცა, ამის მიუხედავად, უსაფრთხოების მიზნით, თვითმფრინავის უკან დაბრუნება გადაწყდა.
ამ ხნის განმავლობაში სიდნეის აეროპორტიდან რეისები შეფერხებით სრულდებოდა, მათი ნაწილი გადაიდო.
ავსტრალიის პოლიციამ შემთხვევას “საგანგებო” უწოდა და 45 წლის მამაკაცი ჩაფრენისთანავე დააკავა, მას ბრალს, სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ, თუმცა რა მუხლით, ჯერჯერობით უცნობია.
MH122-ის რეისზე 199 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.
სიდნეის აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა.