პოდოლიაკი: რუსეთის თავდასხმა იზმაილის პორტისკენ მიმავალ გემზე მეკობრეობაა და მკაფიო სამართლებრივ დაფიქსირებას მოითხოვს

რუსეთის თავდასხმა და იძულებითი შემოწმება უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიმავალ სამოქალაქო სატვირთო გემზე არის მეკობრეობა და დანაშაული, რომელიც მოითხოვს მკაფიო სამართლებრივ დაფიქსირებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიმავალი საერთაშორისო სამოქალაქო სატვირთო გემის, „სუკრა ოკანის“ მისამართით დღევანდელი გამიზნული გასროლა და მისი იძულებითი შემოწმება რუსეთის მიერ, წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უპირობო დარღვევას, მეკობრულ ქმედებას და დანაშაულს მესამე ქვეყნის სამოქალაქო გემების წინააღმდეგ სხვის ტერიტორიულ წყლებში. „კაპერის კანონის“ შემოღების მცდელობის ეს პრეცედენტი მოითხოვს მკაფიო სამართლებრივ დაფიქსირებას, ყველა პირის იდენტიფიკაციას და დანაშაულის ფაქტის აღიარებას საერთაშორისო საზოგადოების მიერ“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მანვე დასძინა, რომ უკრაინა გამოიტანს ყველა საჭირო დასკვნას და შეარჩევს საუკეთესო პასუხს.

ცნობისთვის, 13 აგვისტოს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა იზმაილის პორტისკენ მიმავალ პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნა. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, სატვირთო გემის – „სუკრა ოკანის“ კაპიტანი არ დაემორჩილა მოთხოვნას, რომ შეჩერებულიყო და „აკრძალული ტვირთი“ შეემოწმებინათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები