ჰავაიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა

ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, ისტორიული ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი განადგურებულია. გარდა ამისა, ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად განადგურებულია ათასამდე შენობა, ხოლო ათასობით ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი. ევაკუირებულთა რიცხვმა 11 ათასს გადააჭარბა.

„მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს“, – განაცხადა ჰავაის გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა და დასძინა, რომ გარდაცვლილთა იდენტიფიცირების სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ შტატის ისტორიაში ხანძარი გახდა ყველაზე მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფა, რომელმაც ჰავაის დიდ კუნძულზე 1960 წელს, ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა, რომელსაც 61 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები