ზელენსკი: უკრაინამ თავისი ტერიტორიის განაღმვის ამოცანა არა ათწლეულების, არამედ წლების განმავლობაში უნდა დაასრულოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ თავისი ტერიტორიის განაღმვის ამოცანა არა ათწლეულების, არამედ წლების განმავლობაში უნდა დაასრულოს, კერძოდ, უკრაინაში საწარმოო ბაზის შექმნით.

როგორც უკრაინის ლიდერმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, აზერბაიჯანი მზადაა უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი, მათ შორის განაღმვის აღჭურვილობა.

„ეს არის ასევე პარტნიორებთან ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება – განაღმვითი სამუშაოები. უკრაინასაც სჭირდება აღჭურვილობა პარტნიორებისგან და ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში საწარმოო ბაზის შექმნა, რათა ჩვენი მიწა რუსული ნაღმებისგან გავწმინდოთ. და ეს ამოცანა უნდა დასრულდეს არა ათწლეულების განმავლობაში, არამედ წლების განმავლობაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გამო, ქვეყნის ტერიტორიის 174,000 კვადრატული კილომეტრი პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენს.

„ჩვენი სპეციალისტები ყოველდღიურად ასობით ასაფეთქებელ ობიექტს პოულობენ. რაც უფრო მეტი გამნაღმველი მანქანა გვეყოლება, რაც მეტი სპეციალური გამწმენდი დრონი გვეყოლება, მით უფრო აქტიურად შევძლებთ უსაფრთხოების აღდგენას. მადლობა ყველა ქვეყანას, რომელიც გვეხმარება“, – დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინელ სპეციალისტებს, რომლებიც ნაღმების გაწმენდით არიან დაკავებულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები