პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა
პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.
„გადავწყვიტე შემექმნა სამხედრო ოპერატიული დაჯგუფება ოპერაციაში კოდური სახელწოდებით RENGAW. ჯარისკაცების ამოცანა იქნება პოლონეთის არმიის წვრთნა აქ, საველე პირობებში, პოდლასკის სავოევოდოში, ასევე მხარდაჭერა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში“, – აღნიშნა მინისტრმა.
12 აგვისტოს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის აღმოსავლეთში იმყოფებოდა, სადაც პოლონური არმიის სამხედრო მოსამსახურეები მხარს უჭერენ სასაზღვრო დაცვას ოპერაციებში.
„ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი – წვრთნა და თავდაცვაა. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობის ქვეშ ოპერაცია GRYF გვაქვს, რომლის მიზანიც საზღვრის დახურვასა და გამაგრებაში მდებარეობს. ამ ოპერაციაში პოლონური არმიის 4 ათასამდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ბლაშჩაკმა.
პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კრემლის პროპაგანდულ ქმედებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პოლონეთის არმიის მიერ ქვეყნის საზღვრის გაძლიერებას კრემლის პროპაგანდისტული აპარატი გამოიყენებს.
„ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი – წვრთნა და თავდაცვაა. გახსოვდეთ ეს, როდესაც კრემლის პროპაგანდას გავიგონებთ, რომელიც ამბობს, რომ პოლონური არმია საზღვარზე იკრიბება. ეს მართლაც ასეა, მაგრამ პოლონური არმია აგრესორის შესაკავებლად იკრიბება. ასე არის და ასე იქნება, სხვადასხვა დეზინფორმაციის მიუხედავად“, – აღნიშნა ბლაშჩაკმა.