უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიებზე დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებები დაიწყო
უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის ორმხრივი შეთანხმების შესახებ დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებები დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
„მართლაც, ჩვენი ამერიკელი კოლეგების შემდეგ, დავიწყეთ [კონსულტაციები] ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან დიდი ბრიტანეთიდან. ეს არის ქვეყანა, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი და სტრატეგიული პარტნიორი საკვანძო დახმარების კუთხით“, – აღნიშნა ერმაკმა.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას 13 ქვეყანა უკვე შეუერთდა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უკრაინამ გარანტიებთან დაკავშირებით უკვე დაიწყო ორმხრივი კონსულტაციები აშშ-სთან.
მანვე დასძინა, რომ ამჟამინდელი მიზანია, წლის ბოლომდე უკრაინას ჰქონდეს პირველი ორმხრივი შეთანხმებები ქვეყნებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.