„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სასწაული მოახდინეს“ – პენტაგონმა ფრონტზე არსებული ვითარება შეაფასა
პენტაგონის სპიკერის, პეტ რაიდერის განცხადებით, უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარება შორს არის იდეალურისგან, თუმცა ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სასწაული მოახდინეს და რუსი დამპყრობლები აიძულეს, თავდაცვით პოზიციაში გადასულიყვნენ.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, აშშ თავიდანვე ვარაუდობდა, რომ კონტრშეტევა რთული ბრძოლა იქნებოდა, მიუხედავად იმისა, თუ როდის დაიწყებოდა ის.
რაიდერის თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინულ ძალებთან მუშაობას, რათა უზრუნველყოს მათთვის აუცილებელი საბრძოლო შესაძლებლობები, მათ შორის სწავლების პროცესი.
„მოდით, გადავდგათ ნაბიჯი უკან და ვაღიაროთ, რომ ეს არ არის იდეალური სიტუაცია. არავინ არასდროს ისურვებდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრილიყო, მაგრამ მათ [ეს] გააკეთეს. უკრაინელებმა რუსები აიძულეს, თავდაცვით პოზიციაში გადასულიყვნენ, რაც თავისთავად სასწაულია, თუ გავითვალისწინებთ უკრაინის არმიის მდგომარეობას რუსეთის შეჭრის დროს“, – ხაზგასმით აღნიშნა პენტაგონის სპიკერმა.
მანვე დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველზე ვითარება შორს არის იდეალურისგან, ასეთ პირობებშიც კი თავდაცვის ძალებმა შეძლეს შესაძლებლობების რეალიზება და შედეგების მიღწევა.