“რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქებები გახშირდება და მათი ეფექტურობა გაუმჯობესდება” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქებები გახშირდება და მათი ეფექტურობა გაუმჯობესდება.
ამის შესახებ მან “24-ე არხთან” ინტერვიუში თქვა.
“აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს – როგორც მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, ასევე უსაფრთხოების სამსახურს, რუსეთში საკმაოდ ეფექტური ქსელი აქვთ. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ქსელი. ვფიქრობ, რომ ასეთი ინციდენტების რიცხვი გაიზრდება”, – თქვა მან.
პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ რუსეთში „დაუდგენელი დრონების“ მონაწილეობით ინციდენტები გახშირდება.
“აშკარაა, რომ დღეს მუშავდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, ყველაფერი შესწავლილია, მიმდინარეობს დაზვერვა და თანდათან, გაიზრდება ამ დარტყმების ეფექტურობა”, – განმარტა პოდოლიაკმა.
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ იბრძვის რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ, ყველაფერს თავად რუსეთის ფედერაცია აკეთებს.
“ეჭვგარეშეა, რომ თავად რუსეთი იბრძვის რუსეთის ტერიტორიაზე. თავს ანადგურებს. ეს ცალსახაა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დამატებითი საკონსულტაციო მომსახურება გავუწიოთ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა განადგურდეს რუსეთი რუსების მიერ”, – განმარტა მიხაილო პოდოლიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები