რუს ოფიცრებს შორის, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, თვითმკვლელობები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრი იუსოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის მიიღოს ის რუსები, რომლებსაც არ სურთ ხელები სისხლში დაისვარონ და დანაშაულებრივი ბრძანებები შეასრულონ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია სხვადასხვა რანგის ადამიანებზე – რიგითებიდან დაწყებული გენერლებით დამთავრებული. ამისათვის მათ უნდა ჩაბარდნენ „მე მინდა ვიცხოვრო“ პროექტის ფარგლებში.
იუსოვს მიაჩნია, რომ რუსი ოფიცრებისთვის ეს საუკეთესო და უსაფრთხო გამოსავალია.
“ჩვენ გარანტიას ვაძლევთ, მოვეპყროთ ჟენევის კონვენციების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მკვლელებზე და აგრესორებზე. ეს ნიშნავს გარანტიას, რომ ეს იქნება დატყვევება”, – დასძინა მან.
2023 წლის მარტის მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული რუსი ოფიცრების რაოდენობამ 2000-ს მიაღწია და რუსეთის არმია „ოფიცრის შიმშილს” განიცდის.
თუმცა, უკვე ივნისში ეს რიცხვი 2152 ოფიცრამდე გაიზარდა, საიდანაც 597-ს მაიორის და ზევით წოდება ჰქონდა. ასევე, ლიკვიდირებულია 1554 სამხედრო მოსამსახურე ლეიტენანტიდან კაპიტნამდე წოდებებში.
11 ივლისს ბერდიანსკთან ახლოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების შტაბი დაბომბეს, რის შედეგადაც მტრის რამდენიმე ოფიცერი დაიღუპა, მათ შორის გენერალ-ლეიტენანტი, ოლეგ ცოკოვი.
16 ივლისს კიდევ ორი განადგურდა.