შესაძლებელი იყო თუ არა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება – ინტერვიუ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან

შოვის ტრაგედიიდან 5 დღე გავიდა. ამ ეტაპზე ნაპოვნია 19 გარდაცვლილი. მაშველები ისევ ადგილზე არიან და დაკარგულებს ეძებენ. საზოგადოებას კი არაერთი კითხვა დაუგროვდა, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. რა მოხდა შოვში? იყო თუ არა ეს ყველაფერი მონიტორინგის სისტემებთან დაკავშირებული პრობლემა; ფიქსირდებოდა თუ არა გარკვეული პერიოდით ადრე წინმსწრები გეოლოგიური პროცესები, ტარდებოდა თუ არა მეწყერსაშიშ ზონაში პერიოდული მონიტორინგის სამუშაოები და შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება? „კვირა“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ვასილ გედევანიშვილს ესაუბრა და ის კითხვები დაუსვა, რომლებიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს.

-როგორც ცნობილია, მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმში მონიტორინგის 20 სისტემაა დამონტაჟებული. ბუნებრივია, მყინვარი ერთ დღეში არ დნება და ამ მოვლენას წინ სხვადასხვა გეოლოგიური პროცესი უსწრებდა, ბოლო დღეებში კი, ბევრი ასეთი მოვლენა განვითარდა. ასეთ დროს განსაკუთრებულ კონტროლზე რატომ არ აიყვანეთ ეს ტერიტორია? რატომ არ ხდებოდა გაცილებით ადრე ამ მოწყვლადი ტერიტორიის შესწავლა და მონიტორინგი?

-რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 20 ერთეული ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური პარამეტრების მზომი სადგური ფუნქციონირებს, მათ შორის, შოვში. სადამკვირვებლო პუნქტებიდან მიღებული მონაცემები არ იძლეოდა 3 აგვისტოს მდ. ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული კატასტროფული მოვლენების პროგნოზირების საფუძველს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი, შესაბამისი საველე კვლევების საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიურად ახორციელებს რეგულარულ გეოლოგიურ მონიტორინგის, მათ შორის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში. მონიტორინგის პერიოდში, ბოლო ათწლეულების მანძილზე, მდ. ბუბისწყლის ხეობაში მნიშვნელოვანი ღვარცოფული ნაკადების გავლა არ დაფიქსირებულა.

-ამ მონიტორინგის სისტემებისთვის 2015 წელს უცხოეთიდან სოლიდური თანხა გამოიყო. რატომ მოხდა მათი დამონტაჟება მხოლოდ ბოლო 3 წელიწადში? იწერება, რომ ზოგიერთი ასეთი მოწყობილობა 2000 დოლარიც კი ღირს, ანუ არც ისე ძვირი… რატომ არ იყო ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი? 

-გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი დაიწყო არა 2015, არამედ 2019 წელს. პროგრამის ფარგლებში, ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის სადგურებისათვის გამოყოფილ იქნა 2.2 მილიონი აშშ დოლარი. შეძენა და მიწოდების პროცედურები განხორციელდა 2021-2022 წელს.  შესაბამისად, შეძენილ იქნა 154 ერთეული სადგური. სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო 2022 წელს, საიდანაც ამჟამად უკვე განთავსებულია 51 ერთეული. აქტიურად მიმდინარეობს სამონტაჟო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი დასრულებაც დაგეგმილია 2024 წლის პირველ ნახევარში. თითოეული სადგურის შემთხვევაში, მისი ტიპის (ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური სადგური/საგუშაგო) მიხედვით, ფასი 10 000-დან 25 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.

პროგრამის ფარგლებში, გეოლოგიური (მეწყრის) მონიტორინგის სადგურებისთვის გამოყოფილ იქნა 400 000  აშშ დოლარი. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, 2022-2023 წლებში შეძენილი და დამონტაჟებული იქნა 11 ერთეული მეწყრის მონიტორინგის სისტემა, მათ შორის, 2 რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში. მონიტორინგის სისტემების ლოკაციები შეფასებული და შერჩეულია UNDP-ის მხრიდან პროექტის ფარგლებში დაქირავებული ექსპერტის მიერ, რომელმაც მსოფლიო პრაქტიკის გამოცდილებით შეგვირჩია მონიტორინგის აპარატურის ტიპი. მონიტორინგის სისტემის ფასი, მისი აღჭურვილობის მიხედვით, 15 000 დან 25 000 აშშ დოლარამდე მერყეობს; ხოლო ერთ-ერთ ლოკაციაზე (ქ. თბილისში) მოწყობილი მონიტორინგის სისტემის ღირებულება შეადგენს 125 000 აშშ დოლარს.

კითხვაში აღნიშნული 2000-დოლარიანი მოწყობილობა შეუძლებელია, აკმაყოფილებდეს დადგენილ საერთაშორისო ნორმებს.

-რატომ არ გვყავს მობილური სამაშველო ძლიერი ბრიგადები სტიქიურად აქტიურ ზონებში ან სპეციალისტებით (გეოლოგები, ჰიდროლოგები, დარგის სხვა სპეციალისტები) დაკომპლექტებული რეგიონული ჯგუფები, რომლებიც ადგილზე მონიტორინგის სამუშაოებს პერიოდულად ჩაატარებენ?

-კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სტაციონარული მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგური, რომლებზეც რეგულარულად ხორციელდება ჰიდრომეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვება და დაკვირვების მონაცემების დამუშავების ცენტრში ოპერატიულად გადაცემა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2019 წლიდან ფუნქციონირებს გეოლოგიის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონალური გეოლოგიური სამსახური (ოფისი მდებარეობს ქ. ქუთაისში), რომელიც შესაბამისი საველე კვლევების საფუძველზე, ყოველწლიურად ახორციელებს რეგულარულ გეოლოგიურ მონიტორინგს დასავლეთ საქართველოს მხარეებში, მათ შორის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში და უშუალოდ კურორტ შოვის ტერიტორიაზე. მონიტორინგის შედეგები ქვეყნდება ყოველწლიურ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში, რომელიც ოპერატიულად ეგზავნებათ შესაბამის უწყებებს, სამხარეო ადმინისტრაციებს და მუნიციპალიტეტებს.

-ამბობენ, რომ სტიქიის კერიდან კოტეჯებამდე 10 კილომეტრი მაინცაა. თუ ნაკადმა 10 წუთში ჩამოაღწია, გამოდის, რომ 60 კმ/სთ-ით მოძრაობდა?

-ექსპერტების შეფასებით, ხეობის დახრილობიდან გამომდინარე, ნაკადის საშუალო სიჩქარე 12-15 მ/წმ-ის ფარგლებშია, რაც 43-54 კმ/სთ-ს შეადგენს. აღნიშნული სიჩქარით, სტიქიის კერიდან კოტეჯებამდე მანძილის, რომელიც 9 კმ-ს შეადგენს, ნაკადი 10 წუთში თავისუფლად გაივლიდა.

-გამოკითხეთ თუ არა ის თვითმხილველები, რომლებმაც თავიდან თქვეს, რომ წყალი იყო დაგუბებული?

-სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოკითხეს ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომელთა შორის არცერთს არ დაუდასტურებია ხეობაში წყლის შეგუბების ფაქტი.

წყლის შეგუბების შემთხვევაში, მდ. ბუბისწყლის მდ. ჭანჭახთან შეერთების ქვემოთ არსებულ ჰიდროლოგიურ საგუშაგოს უნდა დაეფიქსირებინა წყლის დონის კლება, რასაც ადგილი არ ჰქონია (ეს ნათლად ჩანს სააგენტოს დასკვნაში მოყვანილ დიაგრამაზე).

-თქვენ თქვით, რომ ბუბისწყლის ხეობაში ასეთი მასშტაბის სტიქია არ მომხდარა, თუმცა საპირისპიროც მოვისმინეთ…

-ისტორიული მონაცემებით, მდ. ბუბისწყლის ხეობაში მნიშვნელოვანი ღვარცოფული ნაკადის გავლა, რომელსაც შეეძლო, საფრთხე შეექმნა კურორტ შოვის ინფრასტრუქტურისთვის ან გამოეწვია ადამიანთა მსხვერპლი, არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები